GPB
104.5 FM
ნიკა კაცია
host
g 0 Posts
g 0 Views

Info

რამდენიმე სიტყვით და არაოფიციალურად საკუთარ თავზე გიამბობთ. მე, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნიკა კაცია, "ტელევიზიონშიკის" ოჯახში დავიბადე. გავიზარდე და ვცხოვრობდი ტელევიზიაში. ბავშვობიდან მინდოდა ის, რასაც ახლა ვაკეთებ და ზუსტად ვიცი, მომავალშიც ამ საქმით ვიქნები დაკავებული.

ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, უმაღლესი განათლება, წითელი დიპლომის ჩათვლით, ტელე-რადიო-ფოტო რეპორტიორისა და ჟურნალისტის პროფესიაში მივიღე. თუმცა, ბევრად ადრე მოვხვდი ტელევიზიაში, რომელსაც ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში დავარქვი სახლი. მაშინ მხოლოდ ერთი ტელევიზია იყო და დღეს მეც მისი ნაწილი ვარ. "მეორე არხის" თანამშრომელი 2015 წელს გავხდი. თუ ვინმე მისიის შესახებ მკითხავს, მარტივად ვუპასუხებ, მაქსიმალისტი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის და ყველაფერში პირველი იყოს. მოკლედ, ჩემი პროფესია ყველაფერზე მეტად მიყვარს და მზად ვარ საყვარელ საქმეს სიცოცხლე შევწირო.

 რამდენიმეწლიანი სამუშაო პროცესი ბევრ ტელევიზიასა და რადიოს მოიცავს. "იმედი", "პირველი სტერეო", "202", "რუსთავი 2", "Real TV", "ფორტუნა", "უნივერსი", "სინდიკატი" - ეს, იმ ტელევიზიებისა და რადიოების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც დიდი პროფესიული გამოცდილება მივიღე. სხვადასხვა დროს წამყვანის, ჟურნალისტისა და რეპორტიორის პროფესიით ვმუშაობდი. ისე, ვიდრე "პეტლიჩკას" გავისწორებდი, "პირველი არხის" გადაცემაში "ჩვენი ფეხბურთი" მედიატორად ვმუშაობდი, ხოლო ეკრანზე პირველად ტელეკომპანია "იმედი"-ს ეთერში გამოვჩნდი. მეამაყება, რომ პროექტის "დუბლი 2" პირველი თაობის წარმომადგენელი ვარ. ვმუშაობდი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებითაც, ვასწავლიდი მეტყველებასაც, მაგრამ ძირითადი ყოველთვის სატელევიზიო საქმიანობა იყო. 

კიდევ, მიყვარს მუსიკა, ფოტოგრაფია, თეატრი, მოგზაურობა, თხილამურებით სრიალი და ახალი წელი. სიამოვნებით ვიქნებოდი სანტა ნიკოლაუს კაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველას სიურპრიზებით გაახარებდა.